ბევრ წარმატებულ ბიზნესმენს, რომლებმაც მილიარდების დაგროვება შეძლეს, არათუ უმაღლესი, სრულყოფილი საშუალო განათლებაც კი არ აქვს მიღებული. ცნობილმა ბიზნესმენმა რიჩარდ ბრენსონმა სკოლაში სწავლას თავი 16 წლის ასაკში დაანება, რათა კომერციისთვის მიეყო ხელი. ახალგაზრდა ბიზნესმენმა ხმის ჩანაწერების გაყიდვით დაიწყო, რომლებსაც ფოსტის საშუალებით ავრცელებდა. დღეს კი ბრენსონი კორპორაცია Virgin–ის მფლობელია, რომელიც 200 კომპანიას აერთიანებს და 30 ქვეყანაში სხვადასხვა სახის საქმიანობას ეწევა. მისი ქონება 6,8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
ამერიკელმა მილიარდერმა კარლ ლინდნერ–უმცროსმა სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა და, დიდი დეპრესიის პერიოდში, საოჯახო მეურნეობის რძის გაყიდვა დაიწყო. მოგვიანებით მან ფერმა კომპანია United Dairy Farmers–ად გადააქცია – ესაა საფირმო მაღაზიების ქსელი, რომლებიც ნაყინით, ახალი რძითა და სხვა პროდუქტებით ვაჭრობს. ბიზნესმენის ქონება 1,7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
რთული წარმოსადგენია, რომ ფრანსუა პინოს – მსოფლიოში ერთ–ერთ უმდიდრეს ადამიანს – სწავლა ისე უჭირდა, რომ სკოლიდან წამოვიდა, რათა მამას ხის ჭრაში დახმარებოდა. ახლა კი პინოს კონცერნ PPR–ს ისეთი ცნობილი ბრენდები ეკუთვნის, როგორიცაა Yves Saint Laurent და Gucci. ბიზნესმენის ქონება კი 8,7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
სომხური წარმოშობის ამერიკელმა მილიარდერმა კირკ კერკორიანმა განათლებას თავი მერვე კლასიდან დაანება, რათა მოკრივე გამხდარიყო. ახლა კი ლას–ვეგასის ერთ–ერთი მთავარი ბიზნეს–ფიგურის ქონების ღირებულება 3,1 მილიარდ დოლარს აღწევს.
კომპანია Inditex–ის მფლობელი ანანსიო ორტეგა თავის დროზე სკოლიდან 14 წლის ასაკში წავიდა, რათა პერანგების მაღაზიაში დამტარებლად დაეწყო მუშაობა. ახლა კი ორტეგა ესპანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანია 31 მილიარდიანი ქონებით. მისი კომპანია მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს Zara–სა და Massimo Dutti–ს ფლობს.
No comments:
Post a Comment